„გამოეყოს სპორტი კულტურის სამინისტროს“ - სპორტული ფედერაციები პრემიერს მიმართავენ

პუბლიკა

სპორტული ფედერაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტებმა, ვეტერანებმა, სპორტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ლისის ტბის მიმდებარედ პრესკონფერენცია გამართეს.

კრივის ფედრაციის პრეზიდენტის, დავით წიკლაურის განცხადებით, მათი სურვილია, სპორტი ცალკე სამინისტროდ ან დეპარტამენტად გამოიყოს და ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელსაც ფედერაციებთან კომუნიკაცია ექნება.

„ზუსტად 33 წლის წინ ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ, მრავალი წინააღმდეგობის და დაბრკოლების მიუხედავად, თავისი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ ღიად გამოაცხადა! (06.10.1989 თბილისის ჭადრაკის სასახლე) ეს იყო პირველი თამამი, ამავდროულად ობიექტური განაცხადი, რასაც ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყანა იმსახურებდა.

დღეს ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, სპორტულ ფედერაციებსა თუ დარგობრივ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, რიგითი გულშემატკივრები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, კვლავ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომელსაც ქართული სპორტის სადარაჯოზე დგომა გვავალდებულებს.

უპირველეს ყოვლისა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საზოგადოების ობიექტური გულისტკივილი და ამავდროულად გონივრული რჩევა ხელისუფლების მიმართ აღქმული იქნება, როგორც სახელმწიფოებრივად სწორი და სამართლიანი მოთხოვნა.

ჩვენ არცერთი დარგის, სამინისტროსა თუ მისი ხელმძღვანელობის, მით უფრო პიროვნების, წინააღმდეგი არ ვართ. არც პოლიტიკური ამბიციები გვამოძრავებს. ქართული სპორტი სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებასა და გონივრული მართვის სისტემას საჭიროებს!

2017 წლიდან მოყოლებული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოშლა, ე.წ. „რეფორმებითა” და პერმანენტული „რეორგანიზაციებით” შენიღბული ექსპერიმენტებით აღსავსე სპორტზე პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან დამოკიდებულება, სამწუხარო რეალობად იქცა.

სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის უგულებელყოფა, მართვის უსისტემობა, სპორტში კვალიფიცირებული კადრების დევნა, არაკომპეტენტურობა და სპორტულ საზოგადოებასთან დისკომუნიკაცია არის იმის მიზეზი, რომ ქართული სპორტი დღეს „მე-5 ბორბლის” და არასასურველი „მდგმურის” პოზიციაშია. მაშინ, როდესაც ოლიმპიური სპორტის სახეობების სასწავლო-საწვრთნელი პროცესები და სალიცენზიო ტურნირები, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მზადების ციკლის მთავარ ფაზაში შედის, ხოლო არაოლიმპიური სპორტის სახეობების მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები, პანდემიამდელ მდგომარეობას უბრუნდება, კვლავ ვაწყდებით არაერთ პრობლემას.

არაკომპეტენტურობით გამოწვეულ ნებსით თუ უნებლიე დაბრკოლებებს სპორტული საქმიანობის ცოცხალი დინამიკა ვეღარ გაუძლებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ, გაითვალისწინოს სპორტული საზოგადოების ობიექტური და სამართლიანი წინადადება, რათა დაიწყოს საკითხის განხილვა, სპორტის დარგის, კულტურის სამინისტროდან გამოყოფისა და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ!

მეტი ყურადღება, პატივისცემა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართულ სპორტს!!!!

ქვეყნის სავიზიტო ბარათი და უდიდესი პოზიტივის მომტანი სფერო, ქართული სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყანა ამას ნამდვილად იმსახურებს!“, – ნათქვამია საერთო მიმართვაში.

მათი თქმით, მოთხოვნას 20-მდე ფედრაცია შეუერთდა, მათ შორის, კრივის, ფარიკაობის, მკლავჭიდის, სამბოს, ბილიარდის, ტანვარჯიშის, ბადმინტონისა და ფრენბურთის.