გამოგვიგზავნეს ვიდეო, როგორ წვავენ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის პოსტერს - Tbilisi Pride

პუბლიკა

Tbilisi Pride-ის ცნობით, ორგანიზაციას facebook-გვერდზე გაუგზავნეს ვიდეო, როგორ წვავენ რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის პოსტერს. „პრაიდის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ასევე პირი, რომელიც ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებს.

„20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გავაკარით პოსტერი წარწერით – „ჩვენ გვახსოვს”. აღნიშნული ჟესტით გვინდოდა საქართველოში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მიგვეგო პატივი.

დღეს დილით, „თბილისი პრაიდის” გვერდზე გამოგვიგზავნეს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ანადგურებს პოსტერს, ცეცხლს უკიდებს, ბოლოს კი ნაცისტური სალუტით გვემშვიდობება რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი.

აღნიშნული ვიდეოს შინაარსი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია. ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია. ამ ღირებულებათა ნაკლებობის ყველაზე საგანგაშო გამოვლინება კი სწორედ სიძულვილისა და უთანასწორობის იდეოლოგიების – ფაშიზმისა და ნაციზმის – ელემენტების ათვისებაა.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკანონო თუ ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირების სამართლებრივი გზები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ყოველთვის საკმარისი ან რელევანტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ წვდომა საჯარო სივრცეზე, რათა შევქმნათ ან ხელი შევუწყოთ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებების გავრცელებას, და არა იმისთვის, რომ კვლავ გავაძლიეროთ კონფლიქტური ან რეპრესიული გარემო.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამისთვის, რომ, დავიკავოთ და პოზიტიურად გარდავქმნათ საჯარო სივრცე!”, – წერს Tbilisi Pride.