გამოიცემა ბრძანება, რომელიც პარლამენტისთვის დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს - თალაკვაძე

პუბლიკა

მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ეს ძირითადად შეეხება თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებულ პროცედურებს, – ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თანმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ამ ბრძანებაში იქნება გაწერილი, რა მოხდება მაშინ, როდესაც თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ან როდესაც მოუწევს კარანტინის რეჟიმში ყოფნა. ყველა ეს სიტუაცია იქნება გაწერილი და დარეგულირებული შესაბამის ბრძანებაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის არცერთი დეპუტატი და პარლამენტის არცერთი თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვთ კორონავირუსის დადასტურებული ინფექცია.

მან დეპუტატებს ასევე მოუწოდა, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ საჯარო ღონისძიებები, რომელიც დამატებით იმართება ხოლმე პარლამენტში და შემოიფარგლონ მხოლოდ აუცილებელი სხდომებითა და პროცედურებით, „რომელიც პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ამ მომენტში არის აუცილებელი”.

ამასთან, როგორც 6 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა დეპუტატებს, რომ მოამზადონ ინიციატივა, რაც პარლამენტს კანონპროექტების ელექტრონულად განიხილვისა და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცების შესაძლებლობას მისცემს.