დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზოგიერთი მხარე ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელშეშლას და დისკრედიტაციას ცდილობს.
მისივე თქმით, ცესკომ „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შესთავაზე, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს.
“ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის ნებისმიერი თანამშრომლობისთვის და ნებისმიერი ღია ფორმატისთვის”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში გამოიკვეთა კამპანიური სახის მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით.
“კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით პოლიტიკურად დაინტერესებული ზოგიერთი მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელშეშლას და დისკრედიტაციას. გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.