გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვის/არგაშუქების ტენდენცია – ქარტიის ანგარიში აჭარის მაუწყებელზე

პუბლიკა

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ექვსი თვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის მიზანი იყო დაკვირვება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის – გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ მაუწყებელში შეიცვლებოდა თუ არა სარედაქციო პოლიტიკა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მონიტორინგის პირველ პერიოდში (25.12.2019-10.03.2020) საინფორმაციო გამოშვებები იყო მიუკერძოებელი, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის შეცვლისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ (20.04.2020-04.06.2020), გამოიკვეთა, რომ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში; ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.

კერძოდ, მონიტორინგის მეორე ეტაპზე კი 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქება

ანგარიშში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვის/არგაშუქების ტენდენცია, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი და საგანგაშოა. აქვე ნათქვამია, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ შევადარებთ 2020 წლის მარტამდე არსებულ ვითარებას, როდესაც აღნიშნული საინფორმაციო გამოშვების ძირითადი თემა ხშირად იყო თავად აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. მაუწყებლის ჟურნალისტები და წამყვანები ხშირად მიუთითებდნენ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე.

დაკვირვებამ ცხადყო, რომ სამონიტორინგო პერიოდში, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები საერთოდ ამოვარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგიდან. საინფორმაციო გამოშვებებში ამ საკითხებს ან საერთოდ არ ეთმობოდა დრო, ან, გამონაკლის შემთხვევაში, მინიმალური ყურადღება და პრიორიტეტი ენიჭებოდა.

„მაგალითად, საინფორმაციო გამოშვების ეთერში საერთოდ ვერ მოხვდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც ომბუდსმენმა აჭარის მაუწყებლის დირექტორ გიორგი კოხრეიძეს 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდა. ასევე, არ გაშუქდა ამავე არხის გადაცემა „ჰეშთეგისა“ და ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლის, მალხაზ რეხვიაშვილის საჯარო წერილი, რომლითაც ის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის რეპრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭა თეონა თურმანიძის ფეისბუკ პოსტის გამო ეთერიდან გათავისუფლების ამბავს – 21 აპრილის გადაცემაში ამის შესახებ მაყურებელს გამოშვების ბოლოს, მე-15 ამბად, ამინდის პროგნოზის წინ მიაწოდეს ინფორმაცია. 11 მაისს კადრ-სინქრონად გაშუქდა მალხაზ რეხვიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება, ამ ამბავზე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოხმაურება კი საერთოდ არ გაშუქებულა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ბალანსის დაცვა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მონიტორინგის პერიოდში „მთავარში“ 20:00 საათზე, რიგ შემთხვევებში, ბალანსი არ იყო დაცული, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებისთვის ნაკლები პრიორიტეტის მინიჭებაში, ან საერთოდ არგაშუქებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ მთავარში 20:00 საათზე ყოველდღე პირდაპირ ეთერში გადიოდა ინტერვიუ რესპოდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები, ძირითადად, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ან მათთან აფილირებული ექსპერტები იყვნენ.

კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი, ძირითადად, დაცლილი იყო ხელისუფლების კრიტიკისგან და საინფორმაციო გამოშვება სჯერდებოდა მიმდინარე ამბების მხოლოდ მშრალად გაშუქებას, არ ცდილობდა ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილების კრიტიკულად გაანალიზებას და მაყურებელისთვის საკითხის შესახებ მრავალმხრივი მოსაზრებების მიწოდებას.

„შესაძლოა, ბალანსი ფორმალურად დაცული და მაყურებელისთვის შეთავაზებული ყოფილიყო სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა, მთლიანი აღქმით, ეს არ არის კრიტიკული გაშუქება. საინფორმაციო გამოშვება არ ცდილობდა, მაყურებელისთვის მიეწოდებინა განსხვავებული ინფორმაცია ან ფოკუსი ამა თუ იმ საკთხის შესახებ.

ასევე, არ ცდილობდა თავად მოეძიებინა პრობლემური თემები დაეყენებინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არაერთ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას აწუხებდა, თუნდაც, პანდემიის პირობებში. საინფორმაციო გამოშვებები, უმეტესად მიყვებოდა დღის წესრიგს და იმ მოვლენების გაშუქებას, რომელსაც საზოგადოებას პოლიტიკოსები, ძირითადად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნული ანგარიში განიხილეს აჭარის მაუწყებლის გადაცემა „თავისუფელ სივრცეში“, სადაც მაუწყებლის საზოგადოებასთან უერთიერთობის მენეჯერმა  ფირუზ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ეს ანგარიში მაუწყებლის სარედაციო პოლიტიკისა და მუშაობის დისკრედიტაციის მცდელობაა. 

„ამ ანგარიშიდან მე მრჩება შთაბეჭდიულება, რომ ეს არანაირი მედია მონიტორინგის ანგარიში არ არის, ეს არის კონკრეტული პირების მიერ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკისა და მუშაობის მიმართ“,- განაცხადა მან. 

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.