„დღეს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე კანდიდატი უკვე არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე მსჯელობის დროს დეპუტატების მხრიდან წამოსული ანალიზი მოწმობს”, – განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ეხებოდა.
მისივე თქმით, დეპუტატები კენჭისყრის დროს მოსამართლეობის კანდიდატებზე ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ გავიარეთ ინდივიდუალურად თითოეული მოსამართლე. იურიდიული კომიტეტის წევრებმა და ხელმძღვანელმა წარმოადგინეს ერთგვარი ანგარიში მოსმენების შესახებ და მათ ჩვენც მხარს დავუჭერთ ინდივიდუალურად. ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე კანდიდატი უკვე არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე მსჯელობის დროს დეპუტატების მხრიდან წამოსული ანალიზი მოწმობს. მე კენჭისყრის წინ სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ სავარაუდოდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. დაველოდოთ კენჭისყრას, რომელზეც დეპუტატები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება უმრავლესობის ის მსჯელობა, რომელიც დღეს გაიმართა.
მე გამიჭირდება კონკრეტული კომპონენტების გამოყოფა, თუმცა მათ შორის იყო ის პასუხები, რომლებიც გარკვეულ კითხვებზე მიიღეს საჯარო, გამჭვირვალე მოსმენების დროს. მაგრამ ამის გარდა, იყო უამრავი მიზეზი, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. არ იქნება სწორი, რომელიმე ამოვარჩიო და ამაზე გაკეთდეს აქცენტი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.
ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.
მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.
11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჩანიშნულია მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა;