ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია, შესაძლოა ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი. მისი შეფასებით მომდევნო ერთ კვირაში უკეთ გამოჩნდება ეპიდვითარება.
„კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია….
გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.60%.