ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, მიქაელ ო’ფლაჰერთმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს რუსულ კანონთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც მისი მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში, ის მოახდენს მედიის, ასევე, სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას.
თავდაპირველად კომისარი მიუთითებს, რომ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი მსგავსია შარშან ჩაგდებულისა, რომელზეც წინა წელს მაშინდელი კომისრის მიერ შეშფოთება უკვე გამოიხატა.
მიქაელ ო’ფლაჰერთის განცხადებით, იმეორებს ამ შეშფოთებას და აღნიშნავს, რომ ღელავს მის თავსებადობაზე ადამიანის უფლებათა სტანდარტების მიმართ გამოხატვისა და გაერთიანებების თავისუფლების მიმართულებით – განსაკუთრებით ის ხაზს უსვამს იმ გავლენაზე, რაც შეიძლება კანონს მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ჰქონდეს.
მას მაგალითად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ NGO-ებმა შეძლონ თავიანთი როლის შესრულება, მათ უნდა ჰქონდეს თავისუფლება და მიღონ დაფინანსება არაერთი წყაროდან. ამასთან, ის ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლს, რაც განსაზღვრავს გაერთიანებების თავისუფლებას და მითითებულია, რომ მისი ნებისმიერი შეზღუდვა დადგენილი უნდა იყოს კანონით და უნდა დასტურდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი საჭიროება.
„აუცილებლობის შესახებ ცნება მოიცავს ორ პირობას: ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს „გადაუდებელ სოციალურ საჭიროებას” და ჩარევა პროპორციული უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიმართ. დამატებით, მე-14 მუხლის შესაბამისად, შეზღუდვა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.
მიღების შემთხვევაში, ამ კანონის აღსრულება გამოიწვევს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციას, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, მათ შორის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში, რის შედეგადაც მათი საქმიანობა გართულდება ან შეუძლებელი იქნება გაგრძელება.
ამის გათვალისწინებთ, პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, რომ თავი შეიკავონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მიღებისგან და ითანამშროლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ლეგიტიმური საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია წერილში.
შალვა პაპუაშვილმა მას საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. პაპუაშვილი ვრცელ წერილში კვლავ ამტკიცებს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული რუსული კანონის აუცილებლობას და აცხადებს, რომ „შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს; სათანადოდ ნათელი და განჭვრეტადია; ის არ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას; პროპორციულია თავის ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით”.