გამოჯანმრთელებულებიდან ერთი იყო ძალიან მძიმე, ყველაფერი კარგად დამთავრდა - ენდელაძე

პუბლიკა

„გვყავს 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი, ამ გამოჯანმრთელებულებიდან ერთი იყო ძალიან მძიმე. ორს ჰქონდა ფილტვების ანთება. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან და გაეწერნენ“, – უთხრა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

„ამდენად, ნუ გეშინიათ, თუკი დროულად მოგვმართავთ და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად დამთავრდება“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 61
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8
  • კარანტინის რეჟიმში – 3320
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235