ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა იმ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც მკურნალობენ.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულ შემთხვევებს, ამ ეტაპზე 349 გამოჯანმრთელებულია და 279 მკურნალობს. საკმაოდ სოლიდური ციფრია“, – უთხრა ჟურნალისტებს ეზუგაბაიამ.
მისივე თქმით, გამოვლენილი ერთი ახალი შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია – 4 კონტაქტი. მარინა ეზუგბაია დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროს შესახებ.
ცენტრში, დღევანდელი მონაცემებით, 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 90 პაციენტი, რომლებმაც უკვე დატოვეს კლინიკა.
კლინიკაში რჩება ერთი მძიმე პაციენტი. 3 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს.
ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად ნუ დაკარგავეს სიფრთხილეს, გააგრძელონ რეკომენდაციების დაცვა და ამით გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
დრეს ქვეყანაში კოვიდინფექციის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 32 ადამიანი.