ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 1 ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტია საკარანტინო სივრციდან.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევების 70%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.
„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დადასტურებული შემთხვევების უკვე 72%-ია. ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში და გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სოლიდურია, თითქმის ორჯერ მეტია ამ აქტიურ შემთხვევებზე“, – თქვა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ისევ 3 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და გარკვეულწილად უმჯობესდება. ერთ-ერთ მძიმე პაციენტს, 80 წელს გადაცილებულ ქალს მკურნალობა ახალი მეთოდებით – დიალიზითა და გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმითაც ჩაუტარდა.
„ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე რჩება 34 დადასტურებული პაციენტი. არსებული სპექტრიდან 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა სიტუაცია, პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად არა რადიოლოგიური მონაცემებით, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით დინამიკა გაუმჯობესებულია და პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს“, – თქვა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.