სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა კვირას, 2 აპრილს, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შედეგები გამოაქვეყნა.
ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა.
ექიმების დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ.
მათი შეფასებით, ობიექტური გამოკვლევით, გამოხატულია მძიმე სარკოპენია [კუნთების დეგენერაცია].
ექიმების თქმით, პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
აქვე აღნიშნულია, რომ წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.
ექიმთა კონსილიუმის შთაბეჭდილებით, სააკაშვილს აღენიშნება:
1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე 4 სტადია.
2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
პროგნოზი და რისკები:
1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის [ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეაქციები – რთულ ორგანულ ნივთიერებათა დისიმილაცია (დაშლა)] ფაზაში.
„წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.
მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2. კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.
„ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).