„გამოხატვის  თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან“ - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

პუბლიკა

„გამოხატვის  თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან“ – ასე ეხმაურება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ბოლო დროს გამომცემლობებზე გახშირებულ თავდასხმებს.

ასოციაცია წერს, რომ საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად.

„30 წელზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედი წიგნის გამომცემლობები ქვეყნის წინსვლას ვემსახურებით. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სირთულე დავძლიეთ, რომ შინ თუ გარეთ, მთელი მსოფლიოს თვალში, საქართველო თანამედროვე ტოლერანტულ სახელმწიფოდ წარმოჩენილიყო.

სამწუხაროდ, „ჩაკეტილი საზოგადოების“ მძიმე მემკვიდრეობა კვლავაც ხშირად იჩენს თავს. ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.

გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან. წიგნი და ლიტერატურა რეალობის ამსახველი ცოცხალი პროცესია, რომელიც წარმოუდგენელია მრავალფეროვნების გარეშე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აერთიანებს და აძლიერებს დღეს საქართველოს წიგნის საგამომცემლო სექტორს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს, რომელიც ტენდენციური, შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო დაზარალდა. მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად, რომელთა შორის წიგნიერებისა და განათლების ხელშეწყობის საკითხი უპირველესია. რა თქმა უნდა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ყოველთვის მზად იქნება კონკრეტული ინიციატივების განხილვისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის”, – წერია განცხადებაში.


27 ივნისს, სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები „ლგბტ პროპაგანდაში” დაადანაშაულა. ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს ათი წლის წინ ნათარგმნი ზღაპრის და ერთ-ერთი ფემინისტური წიგნის გამო ლანძღავდნენ.

30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულაკაურის გამომცემლობა ე.წ ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც ბავშვებში „ლგბტ პროპაგანდაზე“ გამოთქვამდა შეშფოთებას და ამის საილუსტრაციოდ „მაკდონალდსი“ და სულაკაურის გამომცემლობა დაასახელა.

„მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“, – თქვა ღარიბაშვილმა.