გამოკითხულთა 70% პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს – NDI

პუბლიკა

„ერონულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ წარმოებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 70% პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს.

შეკითხვაზე: როგორ შეაფასებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ არ დაუჭიროს მხარი არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს? რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხული მოსახლეობის 70% ამბობს, რომ ამას უარყოფითად შეაფასებდა, 16%  – დადებითად, 11%-მა პასუხი არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს ამბობს.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 59%-მა იცოდა, რომ 20 ივნისის დემონსტრაციების შემდეგ „ქართული ოცნება“ დასთანხმდა საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარები აღარ აერჩია და ხმა მხოლოდ პარტიებისთვის მიეცა.


აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.