გამოკითხულთა 71% ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა - TI-ის კვლევა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ გამოკითხულთა შეხედულებებს ასახავს.

კვლევა TI-ის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები საქართველოს წარმომადგენლობითია.

ვინაიდან კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 თებერვლიდან 18 მარტის პერიოდში, შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვერ მოხვდა „ფეისბუკის“ აპრილის თვის ანგარიში, რომელიც საქართველოში არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი გვერდების მორიგი შემთხვევას შეეხება.

ორგანიზაციის შეჯამებით, გამოკითხულთა უმრავლესობას სმენია ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი „ფეისბუკის“ გვერდების შესახებ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა.

კითხვაზე, თუ რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული „ფეისბუკში“ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი გვერდების შესახებ, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 53%-ს მსგავსი გვერდების შესახებ სმენია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 17 პროცენტული პუნქტით მეტია.

გასული წლის დეკემბერში „ფეისბუკმა“ საქართველოში, „კოორდინებული არაავთენტური ქცევის“ გამო, ასობით გვერდი წაშალა. იმ 53%-დან, რომელსაც „ფეისბუკის“ ყალბი გვერდების შესახებ სმენია, 70% ამ ფაქტის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა, 46%-მა არ იცის, ვინ დგას ამ გვერდების უკან.

 

რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, წინა წლის მსგავსად, მაღალია იმ რესპოდენტების  ოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა, რათა უზრუნველყოს მოვლენების მისთვის მისაღები ფორმით გაშუქება.  კერძოდ, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ხელისუფლება ხანდახან (45%) ან ყოველთვის (26%) ერევა მედიის საქმიანობაში.

 

ასევე, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ იმ მედიის წარმომადგენლების შევიწროება, რომლებიც  ხელისუფლებას აკრიტიკებენ, უფრო (39%) ან ძალიან გავრცელებულია (11%).