„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სასამართლოსა და პროკურატურის შესახებ.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას როგორც სასამართლო სისტემა, ისე პროკურატურა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და, ამავდროულად, სწორად აღიქვამს სისტემურ ხარვეზებს .
საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, ხოლო ამ ადამიანებიდან 84% ამბობს, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.
გამოკითხული ადამიანების იმ 47%-დან, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლოში კლანი არსებობს, 88% მიიჩნევს, რომ მათ სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.
გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, ხოლო 40% კლანის გავლენაზე მიუთითებს.
გამოკითხულთა ყველაზე მეტი – 48% ამბობს, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. 38%-ს კი მიაჩნია, რომ ამგვარი დაპატიმრება არ არის გავრცელებული.
კვლევაში ნათქვამია, რომ საგანგაშოა საზოგადოებრივი აზრი პროკურატურასთან მიმართებაში. როგორც ირკვევა, საზოგადოების 72% მიიჩნევს, რომ ეს უწყება სრულად ან ნაწილობრივ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.