„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, „ენმ – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი, გენერალი დევი ჭანკოტაძე აცხადებს, რომ კობახიძე სუს-ში თავისი ფეხით მივიდა, რადგან აპირებს „რაღაც პროვოკაციის აგორებას“.
„მინდა, ვურჩიო კობახიძეს, ჯობია, ჩვენება მისცეს იმაზე, რომ მთელ საქართველოში, დაახლოებით, 80 ათასი ხმა არის ბათილად ცნობილი. ამაზე გააკეთოს ახსნა-განმარტება.
რაც შეეხება რაღაც დაჯგუფებებს, რაღაც გვარებს და ა.შ. არჩევნების წინ გამოვედი და ვთქვი, რომ ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რომელთაც აქვთ გავლილი რეგისტრაცია ცესკოში, იყვნენ განაწილებულები სხვადასხვა უბანზე, იყვნენ არჩევნებზეც. არც ერთი ფაქტი კობახიძეს არ აქვს, რომ ეს ხალხი ვითომ რაღაცაში იყვო ჩარეულები, რაღაც ძალადობაში… უბრალოდ, იცავდნენ წესებს უბანზე“, – განმარტა დევი ჭანკოტაძემ.
კიდევ ერთი პირი, ვისზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, დიმიტრი შაშკინია.
„ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი, ეძებდა ჩეჩნების ბანაკებს საქართველოში. მერე მეორე მინისტრი იყო, არც მახსოვს სახელი, საბურავებს ეძებდა, „ნაცმოძრაობა” საბურავების დაწვას აპირებსო. სიები, რომელიც კობახიძემ გადასცა სუს-ს, არის ტაქსისტთა ასოციაციის წევრების სიები. ტაქსისტთა ასოციაციამ გამოუცხადა მხარდაჭერა „ნაცმოძრაობას”.
თუ დამკვირვებელი საქართველოში არის კრიმინალი, მაშინ კობახიძემ კონსტიტუცია უნდა შეცვალოს. ბოროტი კლოუნია, მაგრამ როგორც ჩანს, იურისპრუდენციის აზრზე არ არის, იმიტომ რომ დანაშაულს სჭირდება შემადგენლობა. რა არის დანაშაულის შემადგენელი? დამკვირვებლობა? ტაქსისტობა? – არ არის“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა „მთავარ არხთან“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ დაასახელა ინფორმაციის წყარო და წარადგინა იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული დესტრუქციული სცენარისთვის.
ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბერს გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ოპოზიციას გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი და შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კი კობახიძემ განაცხადა, რომ „პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე“.
„მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“, – ამბობდა კობახიძე.
31 ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს დევი ჭანკოტაძის შტაბის წევრი რაფიკ ორუჯოვი. არსებული ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 31 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაში და მისი ავტომობილიდან ამოღებულია ელექტროშოკი.
მისმა უფლებადამცველმა, ბექა ბასიალაიამ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.
ბექა ბასილაიამ ეს გამოძიება ირაკლი კობახიძის ზემოთ მოყვანილ განცხადებებს დაუკავშირა.
„ელექტროშოკი არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, არ არსებობს არავითარი რეგულაცია, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს ელექტროშოკზე. რაფიკ ორუჯოვი არ არის პირველი, ვისაც არჩევნების საღამოს რუსთაველზე ყოფნის გამო სუს უქმნის პრობლემას.
სახელმწიფოს დაქვემდებარეში მყოფი უწყებების ინტერესია, ყველა ის პირი, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა, იყოს დაშინებული. ეს არის ყალბი განწყობის შექმნა საზოგადოებაში, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაც ძალადობრივ სცენარს გეგმავდნენ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.