„გამოკითხვამდე 3-4 წუთით გაესაუბრა“ - შს მინისტრის მოადგილე მოზარდის ცალკე გაყვანაზე

პუბლიკა

პოლიციის განყოფილებაში მოზარდ ბიჭზე დაკითხვის დროს განხორციელებული შესაძლო ძალადობაზე შსს-მ ბრიფინგი გამართა.

მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებს, რომ 15 წლის მოზარდი დედის თანდასწრებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა, ასევე გამოიკითხა შეტყობინების ინიციატორი სკოლის მენეჯერი.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი სახის ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა არსებულ კითხვებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და მათ მოთხოვნილი მასალები უკვე გადავეცით“, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

ნინო ცაციაშვილი აცხადებს, რომ არასრულწოვანს არცერთ დღეს არ მიუცია აღიარებითი ჩვენება და იგი არცერთ დღეს არ გამოუკითხავთ მშობლის გარეშე.

„რაც შეეხება გაყვანას, გიდასტურებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს, აღნიშნული ფაქტი გამოკითხვის დაწყებამდე მოხდა. და რეალურად ეს იმ მიზანს ესმახურებოდა, რომ არასრულწლოვანს უთანხმოება მოუვიდა დედამისთან და დაძაბულობის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან 3-4 წუთი კომუნიკაცია. სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველად კომუნიკაცია მოხდა მშობლის საშუალებით“, – განაცხადა ცაციაშვილმა.


ექიმების ცნობით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

10 დეკემებრს დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედელების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.