სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები და დამკვირვებლები არიან მისულები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ დღეს გამოიკითხება რამდენიმე ადამიანი საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა მუხლით, უწყებაში ამაზე არ საუბრობენ. სუს-ში გვითხრეს, რომ საქმე უკავშირდება 31 ოქტომბრის აქციას.
ცოტა ხნის წინ უწყებაში შევიდა სამგორის 41-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებელი აკაკი გურჯიშვილი, ასევე სუს-თან მივიდა ადვოკატი გიორგი გოგინავა, რომელიც კახა ლომთათიძის, რეზო ბარამიძისა და იოანე ქერქაძის ინტერესების დამცველია.
აკაკი გურჯიშვილი მედიასთან ამბობს, რომ „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ წარმომადგენელია და არჩევნების დღეს უბნის პერიმეტრს აკონტროლებდა.
გიორგი გოგინავას დაცვის ქვეშ მყოფები, ადვოკატის ინფორმაციით, ორგანიზაცია „ანტიკორუფციული საბჭოს“ წარმომადგენლები არიან და ისინიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ დაბარებული იყო „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ დაასახელა ინფორმაციის წყარო და წარადგინა იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული დესტრუქციული სცენარისთვის.
ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბერს გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ოპოზიციას გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი და შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კი კობახიძემ განაცხადა, რომ „პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე“.
„მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“, – ამბობდა კობახიძე.
31 ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს დევი ჭანკოტაძის შტაბის წევრი რაფიკ ორუჯოვი. არსებული ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 31 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაში და მისი ავტომობილიდან ამოღებულია ელექტროშოკი.
მისმა უფლებადამცველმა, ბექა ბასიალაიამ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.
ბექა ბასილაიამ ეს გამოძიება ირაკლი კობახიძის ზემოთ მოყვანილ განცხადებებს დაუკავშირა.