გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით – პროკურატურა

პუბლიკა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს  ბრალი წარედგინა.

მარიამ ჩოლოიანს ბრალი ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

„მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე,  მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა  ლ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და   ლ.ს.-ს  მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.

აღნიშნულზე უარის შემდეგ გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა  სასამართლოს მიმართავს  ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,  –ამბობენ პროკურატურაში.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.