გამომძიებლის თქმით, ფოტოსურათით ამოცნობისას დაზარალებულმა პოლიციელმა მიხეილ თოლორაია და ავთანდილ თოფჩიშვილი ამოიცნო

პუბლიკა

4 ოქტომბერს 13-პირიან საქმეზე გამომძიებელი გიორგი მაჭარაშვილი დაიკითხა, მან აღნიშნა, რომ საქმეზე ჩაატარა არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება – მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულების დაკავებასა და ჩხრეკაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამოცნობა აქვს ჩატარებული დაზარალებულ პოლიციელთან – ლაშა ჯუღელთან. მისი თქმით, ჯუღელმა ამოიცნო საქმეზე ბრალდებული მიხეილ თოლორაია და ავთანდილ თოფჩიშვილი. ლაშა ჯუღელი ფიზიკურ ძალადობაში ასევე ადანაშაულებს ბრალდებულ გური ჟვანიას.

ჯუღელის თქმით, აქციის მონაწილეები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც განიცდიდა ტკივილს. გამოკითხვის ოქმში ის აღნიშნავს, რომ რამდენიმე მათგანს სახე არ ჰქონდა დაფარული და ხელოვნური განათების პირობებში, ვინაიდან ქუჩა კარგად იყო განათებული, მან ნათლად დაინახა მათი სახე და გამოსახულება, შესაბამისად რამდენიმე მათგანის ამოცნობას შეძლებდა.

სწორედ ამის საფუძველზე ჩატარდა შემდგომ ფოტოსურათით ამოცნობა.

ამავდროულად საქმეში არსებობს პოლიციელის პატარა, სადაც ის წერს, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ავთანდილ თოფჩიშვილმა, გური ჟვანიამ და მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად ფიზიკურად იძალადეს ჯუღელზე და რომ ეს ყველაფერი აღბეჭდილია მაღაზია „ქოლექთიდან“ გამოთხოვილ ვიდეო ჩანაწერებში.

გამომძიებელ ზურაბ კუპრავას განმარტებით, გური ჟვანიას იდენტიფიცირება კი სხვა საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოხდა. მისი განმარტებით, ლაშა ჯუღელმა ვიდეოს დათვალიერების დროს მიუთითა, რომ მასზე ეს კონკრეტული პიროვნებაც ძალადობდა, რომელზეც გამოძიებით უკვე დადგენილი იყო, რომ იყო გური ჟვანია.