გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - მოძრაობა „ხმა"

პუბლიკა

გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის” წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ინფორმაციას ადასტურებს მოძრაობა „ხმა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

„გიორგი და კაკო ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან. კაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.

ჩვენ, მოძრაობა ხმა, განცხადებების გავრცელებით არ შემოვიფარგლებით, თუ ჩვენი ორივე წევრი არ გათავისუფლდება და მათ მიმართ დევნა არ შეწყდება ისეთ ადგილებში დაგარტყამთ, სადაც ჯერ არ მოგხვედრიათ“, – წერია „ხმის“ განცხადებაში.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.


თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.