გამოსახლების დროს პოლიციის უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესში და აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.