გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

პუბლიკა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო დატოვა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების აქციის დროს დაკავებულმა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

„კეკელიძის ქუჩაზე მივედი დაგვიანებით თბილისში არსებული საცობის გამო. როდესაც მივედი პროფესიული მივალეობის შესასრულებლად, უკვე პოლიციის დანაყოფები შესული იყვნენ ბინაში და გამოყრილი ჰყავდათ ადამიანები და გარეთ მყოფ აქტივისტებს აკავებდნენ. ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, მე აქციასთან საერთო არ მქონია, არც შიგნით ვყოფილვარ, არც არავისთვის შემიშლია ხელი, როდესაც მივედი, 2-3 წუთის შემდეგ ერთ-ერთი ახალგაზრდას დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ და ვხედავდი, პოლიციის თანამშრომლები როგორ ახდენდნენ მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ წევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ.

ტელეფონით ვიღებდი ამას და როდესაც დამინახეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს, როდესაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და რატომ მარტყამ-მეთქი, გამწარდნენ, რამდენიმე პოლიციელი დამეხვია, შემაგდეს მანქანაში და დავვარდი იატაკზე, იმ ძალით შემაგდეს, სავარძელზე ვერ დავჯექი და რადგან იატაკზე დავვარდი, ადგომას ვცდილობდი და ეგონათ, წინააღმდეგობას ვუწევდი. ყვიროდნენ, წინააღმდეგობას გვიწევო, ვეუბნებოდი, ნუ ძალადობდნენ, იმიტომ რომ გავყვებოდი, დავჯდებოდი და დავემორჩილებოდი. კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ვიყავი ჟურნალისტი.

ამის შემდეგ, როდესაც მათგან მოვითხოვე, კი არ განმიმარტეს, იქით მოვითხოვე განმარტება, რის საფუძველზე დამაკავეს. ამ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, იყო 5 პოლიციელი, ერთი იჯდა საჭესთან საპატრულო პოლიციის ფორმით, 4 იყო კრიმინალური პოლიციის ფორმით, მათი სახელები, სამწუხაროდ არ ვიცი, ამ 5-დან სამი განსაკუთრებით აგრესიული იყო, ერთი უკანიდან მწვდა კისერში, მეორე – წინიდან. ჩვეულებრივი ველურებივით იქცეოდნენ. ვწუხვარ ასეთი ტიპის შეფასებისთვის. მეგონა, მახრჩობდნენ. პირველად აღმოვჩნდ ასეთ სიტუაციაში ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დაკავების ასეთი ამბავი ჟურნალისტის მიმართ მით უმეტეს არ მახსოვს.  რაღაც მომენტში ცოტა გავიაზრე, რამე არ დამმართონ, რამე არ ჩამარტყან, ისეთი აგრესიულები იყვნენ.

მერე ერთ-ერთმა, რომელიც ასაკით უფროსი და გამოცდილი ჩანდა, მათ შორის, ჩემთან ერთად დაკავებულებმაც სცადეს ამ პოლიციელების დაშოშმინება. კეკელიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 40 წუთი დამაყოვნეს. განმარტებებს ვითხოვდი. ერთადერთი, რასაც იმეორებდნენ, პოლიციას შევუშალე ხელი, ოღონდ რაში, განმარტება არ ყოფილა.

რაღაც მომენტში ავად გავხდი და ვითხოვე დახმარება, მაგრამ არ მომეცა საშუალება. მერე აქ [მოთავსების იზოლატორში] დამხვდა ადვოკატი. როცა აქ მომიყვანეს, პირველი ნაწილი იყო დამამცირებელი, მომმართავდნენ ცუდი სიტყვებით. აგრესიას გამოხატავდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. მაგალითად, მომმართავდნენ „პროვოკატორი“ „ინტრიგანი“ „მოაშორეთ აქედან“. კამერები რომ მოვიდნენ, განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ. მერე რაღაცნაირად დასტაბილურდა სიტუაცია და ახლა ხელწერილით გამომიშვეს“ – განუცხადა მან მედიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს დაკავებულია ადმინისტრაციული წესით 18 და სისხლის სამართლის წესით, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით, 2 პირი. გამოძიებაა დაწყებული პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მუხლით.