გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე 2 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე ჯამში 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 პირი სისხლის სამართლის წესით.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ეხება.

„ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”, – წერს შსს.

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

ადმინისტრაციული წესით კი პოლიციამ 18 პირი დააკავა  – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე.

ამასთან, როგორც შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, გამოძება ასევე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით, რაც პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.