გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა – „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორი

პუბლიკა

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანია ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

მისი თქმით, ფინანსური პრობლემების გამო, 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება კომპანიამ ვერ შეძლო, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. მისივე თქმით, ამის შედეგად  მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია.

„ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს, რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია, გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის ტარიფის გაზარდა 20-30 თეთრით,  – განაცხადა ასანიძემ.

27 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს დაავალა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან მოლაპარაკება, რათა 2020 წლიდან უკვე დაიწყოს მიკროავტობუსების პარკის განახლების პროცესი.