„გამოვაცხადეთ ვაკანსია 145 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი, ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდაო, 5 000 მოვიდა, სულ არის ეს თემა, ხალხი მიდის, მოდის“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-დან კადრების გადინებას შეეხებოდა.
„ 4 000-მა ადამიანმა რომ დატოვა, რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ? რაც მეტი ხელფასი ექნებათ ჩემს პოლიციელებს და არამარტო პოლიციელებს, ყველას, მე ბედნიერი ვიქნები. გადინება, რა ჰქვია, 4 000 კაცი რომ გავიდა, ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ. წარმოიდგინეთ, 145 კაცზე, იქიდან თუ არ ვცდები, იყო 60 თუ 58 სასაზღვროსი, რომელზეც საჭიროა აუცილებლად ინგლისური ენის ცოდნა, იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ დახვდეს ტურისტს, მიიღოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, 60 დაახლოებით“, – განაცხადა გომელაურმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ასეულობით პოლიციელი სამსახურს ტოვებს და საზღვარგარეთ მიდის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციაში 145 ვაკანსიის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც მედიაში მასალები მომზადდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ, 20 აგვისტოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობაა.
„სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით“, – განმარტა უწყებამ.