ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვლინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ქ. თბილისში სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ამზადებდა სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებებს, აფასოებდა და ეწეოდა მის შემდგომ რეალიზაციას.
გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და მოეწყო ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგადაც ამოიღეს დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები.
ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა. კერძოდ, პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.