გამოვდივართ ტაქსებში მოწევის აკრძალვის ინიციატივით - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ვებინარზე განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს ტაქსებში მგზავრებისა და მძღოლებისთვის მოწევა.

„ 2017 წელს იქნა მიღებული კანონი, რომლითაც დაიშვა ტაქსებში მოწევის ეს გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამას. ახლა, დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი, არც იქ მჯდომი, იმიტომ, რომ ის ბოლი, რომელიც გროვდება გამონაბოლქვიდან თამბაქოსი, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამიტომ, დიახ, ჩვენ ვართ ინიციატორი იმისა, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როცა ვჯდები ტაქსიში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო? არ უნდა მოწიოს მძღოლმა, როგორც მე არ უნდა მოვწიო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ კერძო ავტომობილებს აკრძალვა არ შეეხებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მანქანაში ბავშვი ზის.

„ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს ჩვენ ვკრძალავთ მოწევას საკუთარ მანქანებში. ჩვენ საკუთრებაში არ ვერევით და საკუთარ მანქანაში ვისაც უნდა მოწიოს. მაგრამ არ შეიძლება მოწიონ საკუთარ ან სხვა მანქანაში, თუ იქ ზის არასრულწლოვანი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ბავშვებზე, ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე. ამიტომ თუ იქ ზის ბავშვი და მოზარდი, არასრულწლოვანი, იქ არ შეიძლება. დიახ, ჩვენ ამ წინადადებით შევდივართ, მაგრამ თუ თქვენ მარტო მგზავრობთ და ეწევით თქვენს მანქანაში, იქ ამას არავინ დაგიშლით. მაგრამ ჩვენ შევდივართ წინადადებით, რომ თუნდაც კერძო მანქანაში, თუ იქ ბავშვი ზის, იქაც აიკრძალოს მოწევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.