დღეს, 14 სექტემბერს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნებამ” მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. მან კვლავ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე და აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. გთავაზობთ ამონარიდებს მისი გამოსვლიდან:
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას…
…დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.
დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.