გამოვხატავთ სოლიდარობას სალომე ჯაშისა და მისი კოლეგებისადმი - ადამიანის უფლებათა სახლი

პუბლიკა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლი“ საქართველოში კინოცენტრთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სალომე ჯაშის ფილმ „მოთვინიერებაზე“ სიტყვიერ თავდასხმებს ეხმაურება.

„ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ კულტურულ უფლებებთან დაკავშირებულ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. კერძოდ, ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას სალომე ჯაშისა და მისი კოლეგებისადმი, რომელთა ფილმსაც თავს დაესხნენ ხელისუფლების წარმომადგენელები კინოცენზურის ტენდენციებისა და მხატვრული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა სახლი.


კინოცენტრის თანამშრომლების კრიტიკული კომენტარების შემდეგ, რომლებიც კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მოითხოვდნენ, კულტურის სამინისტრომ რეორგანიზაცია გამოაცხადა.

რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრის თანამშრომლებისა და ამ სფეროში მომუშავეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლები, მათ შორის, რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი.

პროტესტის დაწყების შემდეგ კულტურის სამინისტრო დაიცვეს და კინოცენტრის თანამშრომლებისა და პროტესტში ჩართული მოქალაქეები გააკრიტიკეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი სალომე ჯაშის ფილმს „მოთვინიერებას“, რომლის პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა, „სამარცხვინო“ უწოდა.

„აქ საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული“, – განაცხადა კობახიძემ.