„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგები შეაჯამა.
ორგანიზაციამ არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. მათი ცნობით, დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა.
TI-ის დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში, მთლიანობაში, 23 საჩივარი დაწერეს.
„ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამის გამო, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით“, – წერს ორგანიზაცია.
„არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. ასევე, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.
პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს.
კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას. გარდა ამისა, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორედ განაწილების ფაქტები.
ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა“, – აცხადებს ორგანიზაცია.
TI-იმ დაფიქსირებული დარღვევებისა და გადაცდომების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციებიც გასცა:
- სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;
- საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე;
- ცესკომ უფრო ცხადი ინსტრუქცია და რეკომენდაცია მისცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების ბათილად ცნობის საფუძვლების თაობაზე;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლების აღნუსხვისა და პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი დამუშავებისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე, კომისიის თავმჯდომარეებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის და საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოყენებული მსგავსი პრაქტიკის დროულად აღმოსაფხვრელად;
- საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.