გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი - ISFED-ის ანგარიში

პუბლიკა

8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში (4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით) გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის  – 17 ფაქტი; წინასაარჩვნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18;  ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6;  მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში. 

ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება. ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა „პატრიოტთა ალიანსისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.

„ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობაში, რაც ფაქტობრივად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია 1 სექტემბერს დაიწყო და ამ პერიოდამდე განხორციელებულ აქტივობებზე „საარჩევნო კოდექსით“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოქმედებდა, ანგარიშში აღწერილი ფაქტები ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე“, – აცხადებს ISFED

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცნობილი არ ყოფილა. „პროექტების მიზანი და მოცულობა ქმნის განცდას, რომ  ეს ინიციატივები არჩევნებს უკავშირდება და მათი მოტივი არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერის გაზრდაა“.

„ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება. შესაბამისად, რიგი საჯარო ინსტიტუტები, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მიღებასა და კონკურენტ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაზეა ორიენტირებული“, –  აღნიშნავს ორგანიზაცია და დასძენს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების არსებობა, თუმცა, მსგავსი პროგრამები ერთიანი, გააზრებული სოციალური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.

ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის  განცდას ქმნის.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის აქტივისტის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა. მათივე შეფასებით, გაზრდილია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები.

„ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ძირითადად,  დაფიქსირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ, ხოლო,  ერთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუქარაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს“.

ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტია „ლელოს“ აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტი. ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკავებულია ერთი პირი.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების „ქართული მარშისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კამპანიებში სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა შეინიშნება. „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით ISFED-მა ცესკოს განცხადებით მიმართა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.


ISFED-ის ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. „მონიტორინგის პროცესში, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებისგან, მედია-საშუალებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მოქალაქეებისგან მიღებული და სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ინფორმაცია. „სამართლიანი არჩევნების” მიერ მოპოვებული თითოეული ფაქტი მოწმდება უშუალო თვითმხილველებთან და შემთხვევის მონაწილე მხარეებთან“.