გამოვლინდნენ კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები

პუბლიკა

დღეს, 17 თებერვალს კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024″ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პრიზის ერთ-ერთ ნომინაციაში „საერთო ფასეულობების ამსახველი დოკუმენტური ფოტო“ „პუბლიკის“ რეპორტიორმა, მინდია გაბაძემ ჟიურის საგანგებო აღნიშვნა მიიღო.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 2024 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – სალომე ჩადუნელი, „რადიო თავისუფლება“;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში – მარიამ ნიკურაძე და დავით თამაზაშვილი, „ჩაიხანა“;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – თამარ გელაშვილი, „სტუდია მონიტორი“;
  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – გიორგი ბასხაჯაური, „აპრილი“;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – დათო ქორიძე, „რადიო თავისუფლება“;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში – თამარ მჭედლიძე, OC Media;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – მაია მეცხვარიაშვილი, „სტუდია მონიტორი“.

გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დაააჯილდოვა, რომელმაც მიმართვისას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„მზია ამაღლობელი გახდა ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო. ის განასახიერებს ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის სულისკვეთებას. ჩვენ ყველანი უკიდურესად ვღელავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გარწმუნებთ, ჩვენ გავაგრძელებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში.

ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.   კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.