კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. კომპანია განცხადებაში წერს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას, დაუკმაყოფილონ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.
ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ისინი პროფკავშირის წარმომადგენლებს „დესტრუქციულ ქმედებებში” ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ დროს მზად არიან ყველა მხარესთან შესახვედრად და მოსალაპარაკებლად.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლების პირდაპირი მოლაპარაკება სამწუხაროდ, შეუძლებელია გაფიცვების ორგანიზატორი, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის დესტრუქციული ქმედებების გამო, რომელიც უკრძალავს ჩვენს თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად განვმარტოთ კომპანია IDS „ბორჯომი საქართველოს“ პოზიცია-ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი დროებით შევაჩერეთ, რადგან უკანონო ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
გზების უკანონო ბლოკირება პროვოცირებული და ორგანიზებული იყო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის – გიორგი დიასამიძის მიერ. მიგვაჩნია, რომ დიასამიძე მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ მისი მონაწილეობა პროცესის წარმატებით დასრულებას ხელს შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ შესახვედრად და მოსალაპარაკებლად“, – აღნიშნულია კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებაში.
ხვალ, 21 მაისს პროფკავშირებმა ბორჯომში სოლიდარობის მასშტაბური აქცია დაანონსა.
„ხვალინდელი პროტესტი ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა – თუ ბორჯომის ადმინისტრაცია უახლოეს ვადებში დასაქმებულების მოთხოვნების შესასრულებლად ქმედით ნაბიჯებს არ გადაგამს, მომდევნო აქციაში პროფკავშირების გაერთიანება თავის სრულ ადამიანურ რესურსებს გამოიყენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები კანონიერად გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენების და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთური ანაზღაურებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.