გამოვთქვამთ სამძიმარს და ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით - ბლინკენი შოვის სტიქიაზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შოვის სტიქიას გამოეხმაურა და საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა.

„ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს სამძიმარს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა გამო. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველთა წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად შრომობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე.


რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებთან ერთად მუშაობენ პოლიციის დანაყოფები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველებმა 8 აგვისტოს მონაცემებით 19 ცხედარი იპოვეს. ოფიციალური ცნობებით, ჯერ კიდევ ეძებენ 13 დაკარგულს.