გამოვთქვით მზაობა გირაოს გადახდის შემთხვევაში განგვეხილა ამნისტიის საკითხი - თალაკვაძე

პუბლიკა

კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ევროკავშირის ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი. შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების დეტალებზე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შემთხვევაში პარლამენტი მზად იყო განეხილა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია.

„იმის გათვალისწინებით რომ ნიკანორ მელიას მიმართ სახელმწიფომ აჩვენა სამართლებრივი პოზიცია. ის მოქალაქეებს და სახელმწიფოს ეუბნებოდა რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და შეუძლია არ გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ.

აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზაობა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში პარლამენტი განხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით რომ სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული და არა მხოლოდ ნიკანორ მელია. ეს მაგალითია თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებისთვის.“ – განაცხადა თალაკვაძემ.