გამოწვევად რჩება ორსულობის, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ანაზღაურება - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს შრომითი უფლებების დარღვევების მიზეზით, რის შედეგადაც ომბუდსმენმა არაერთი პირის მიმართ დაადგინა დისკრიმინაცია და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.

„განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ქალთა შრომითი უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები.

მიუხედავად იმისა რომ 2021 წელს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა შრომის კოდექსში, მაინც დიდ გამოწვევად რჩება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა შრომის კოდექსის 39-ე მუხლის იმ ნორმების გაუქმება, რომლის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვრება არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. ნორმის მიხედვით, დამატებითი ანაზღაურების შესაძლებლობა დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

სახალხო დამცველი იმედის გამოთქვამს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილ არგუმენტებს და არაკონსტიტუციურად ცნობს შრომის კოდექსის 39-ე მუხლს.


დღეს, 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით მთავრობის ადმინისტრაციასთან მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გაიმართა.