„გამოწვევები ბევრია შრომითი უფლებების თვალსაზრისით" | რა მიზნით შეიქმნა კინემატოგრაფისტთა პროფკავშირი

პუბლიკა

პროფესიული კავშირის წევრების სოციალური, ეკონომიკური და შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, შრომით დავებში მონაწილეობა, – ამ და სხვა მიზნებითა და ამოცანებით საქართველოს კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი დაარსდა, რომლის პრეზენტაცია შაბათს, 2 სექტემბერს გაიმართა.

საქართველოს კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი 2023 წლის აგვისტოში დაფუძნდა, როგორც დამოუკიდებელი და სოლიდარული ერთობა, რომელიც კინოს სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვავების გადაჭრაზე იმუშავებს.

დოკუმენტალისტი და კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი, ეკა წოწორია „პუბლიკასთან“ იმ მიზნებსა და ამოცანებზე საუბრობს, რაც პროფკავშირების შექმნას დაედო საფუძვლად. მისი თქმით, ორგანიზაციის დაფუძნების იდეა აქამდეც არსებობდა, თუმცა კინოში მიმდინარე პროცესებმა დააჩქარა.

„კინემატოგრაფისტთა კავშირის დაფუძნების იდეა არსებობდა კინოში მიმდინარე პროცესებამდეც და ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ამ სფეროში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისკენ უნდა გადადგას ნაბიჯები და გააერთიანოს პროფესიონალები კინოს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის ოპერატორები, მხატვრები, მემონტაჟეები, რეჟისორები, მსახიობები და ასე შემდეგ და იზრუნოს იმაზე, რომ ამ სფეროში პროფესიული ურთიერთობები იყოს უფრო მოწესრიგებული ვიდრე არის ამჟამად. ასევე, იმუშაოს ცნობიერების ამაღლებაზე შრომითი ურთიერთობების ირგვლივ.

კულტურის სფეროში მიმდინარე კონტექსტმა ამ ორგაზაციის ჩამოყალიბების პროცესი უბრალოდ დააჩქარა, კონსოლიდაცია ადამიანების უფრო სწრაფად მოხდა იდეის ირგვლივ. თუმცა, საჭიროა რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. კინემატოგრაფისტთა კავშირის საჭიროება აქამდეც იყო და ორგანიზაცია გააგრძელებს საქმიანობას წლების განმავლობაში.

ვფიქრობთ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რადგან გამოწვევები ძალიან ბევრია როგორც შრომითი უფლებების თვალსაზრისით, ასევე გამოხატვის თავისუფლების კუთხით და ასე შემდეგ“, – ამბობს ეკა წოწორია.

დოკუმენტალისტი პროფკავშირის სტრუქტურაზეც საუბრობს. კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირის წესდების მიხედვით, საქართველოს კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება. საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს ორგანიზაციის ყველა წევრს, როგორც დამფუძნებელს, ისე შემდგომში გაწევრიანებულ პირს.

ეკა წოწორიას თქმით, ორგანიზაციის ყველა წევრი თანაბარუფლებიანია.

„პროფკავშირი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, მისი პოლიტიკის განმსაზღვრელი არის თითოეული წევრი. ყველა წევრი არის თანაბარუფლებიანი. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის გეგმებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა ორგანიზაციას ასევე ჰყავს 9 ადამიანისგან შემდგარი გამგეობა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საერთო კრების მიერ დასახული გეგმები და ამოცანები კეთილსინდისიერად შესრულდეს.

რაც შეეხება თავმჯდომარეს, გამგეობის მიერ არჩეული თავმჯდომარე ამჟამად 3 წლის ვადით არის დოკუმენტური კინოს რეჟისორი, ნინო გოგუა.

ასევე არის დამფუძნებელთა კრების მიერ არჩეული 3-კაციანი სარევიზიო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია 3 სხვადასხვა სპეციალობის ადამიანისგან.

ჩვენი დამფუძნებელი კრება 27 პროფესიონალს მოიცავდა, თუმცა დამფუძნებელი წევრისა და შემდგომ შემოერთებული წევრის უფლებები აბსოლუტურად ერთნაირია. ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ წევრების შემოკრება“, – ამბობს ეკა წოწორია.

წესდების მიხედვით, პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობს კოლეგიური ორგანო გამგეობა, რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ, 3 წლის ვადით. გამგეობის წევრების რაოდენობა განისაზღვება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 9 წევრის ოდენობით.

პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობისას ორგანიზაციას წარადგენს საერთო კრების მიერ გამგეობის წევრებიდან არჩეული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც სარგებლობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, დამატებითი მინდობილობის გარეშე.

საერთო კრება, გამგეობის წევრებიდან, ღია კენჭისყრით ირჩევს პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს 3 წლის ვადით. არ შეიძლება ერთი და იგივე პირი თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნეს არჩეული ზედიზედ 3-ჯერ.

როგორ ხდება გაწევრიანება და ვინ შეიძლება იყოს პროფესიული კავშირის წევრი?

პროფესიულ კავშირში გაწევრიანებისათვის, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. ორგანიზაციის გამგეობა განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადებაში განსაზღვრული უნდა იყოს წევრის ვალდებულება, რომ ის კანონისა და წესდების შესაბამისად შეიტანს დადგენილ საწევროს.

პროფესიული კავშირის წევრი შეიძლება იყოს:

  • კულტურის სფეროსთან დაკავშირებული პროფესიების ბაკალავრის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
  • კულტურის სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ფიზიკური პირი;
  • ორგანიზაციის დამფუძნებლები და შემდგომში გაწევრიანებული პირები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
  • პროფესიულ კავშირში წევრი მიიღება განუსაზღვრელი ვადით.
  • გამგეობის გადაწყვეტილებით, პროფესიული კავშირის მიმართ განსაკუთრებული დამსახურების მქონე ფიზიკურ პირს, შეიძლება მიენიჭოს პროფესიული კავშირის საპატიო წევრის სტატუსი და გაიცეს შესაბამისი მოწმობა.

დეტალურად კინემატოგრაფისტების პროფესიული კავშირის წესდება იხილეთ ბმულზე.