ადმინისტრაციული წესით, პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს სამი სტუდენტი, აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე. ინფორმაციას ადასტურებს შსს-ც.
ისინი დიღმის იზოლატორში არიან მოთავსებული. მათთან ადვოკატები გუჯა ავსაჯანიშვილი და ბექა ხოხობაშვილი იმყოფებოდნენ.
„პუბლიკას“ ნათია გაბრავა ეუბნება, რომ სტუდენტები ღამით თსუ-დან სეუ-ში უნდა წასულიყვნენ და დილის 4 საათისთვის იქ უნდა ყოფილიყვნენ. მისი თქმით, როცა ბიჭები არ გამოჩნდნენ, მეგობრებმა ძებნა დაიწყეს. დაახლოებით, 6-ის წუთებზე მათი ტელეფონებიც გაითიშა, რის შემდეგაც ეჭვი გაჩნდა, რომ ისინი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები პულივიზატორით წარწერების გაკეთების დროს დააკავეს.
აჩი გოჩიტაშვილის და გიორგი ბარბაქაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა:
„შსს-ს მივმართავთ, კამერები წარმოგვიდგინოს და დაგვიდასტუროს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაღაცას წერდა. არ ვადასტურებ, რომ პულივიზატორი ჰქონდა, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ ვისმჯელოთ, მისი ქონა აკრძალული არაა. უკვე ვხედავთ, რომ სისტემა იმდენად რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს, რომ ადამიანს იჭერს იმის გამო, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ბატონმა გიორგიმ განმიცხადა, რომ მას არანაირი წარწერა არ გაუკეთებია, პოლიცია როგორც კი მოვიდა, 2 თებერვალს იყო ნაცემი და შეშინებული პოლიციის მხრიდან და ასევე იმ მომენტში დააკავეს, როცა ჭავჭავაძეზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება ბატონ არჩილს, მან თქვა, რომ დააკავეს ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ წარწერებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“, – თქვა მან.