„გამყალბებელი ციხეში“ – ცესკოსთან აქცია იმართება

პუბლიკა

ოპოზიციის წევრები და მათი აქტივისტები რესპუბლიკის მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობამდე მანქანებით მსვლელობას მართავენ. მანქანებზე გაკრულია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გამოსახულებიანი პლაკატი, რომელსაც აწერია „გამყალბებელი ციხეში”. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ცესკოს შენობის ეზოში რკინის ჯებირებია აღმართული. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად მასზე ქვებით აბრახუნებენ.

„თამარ ჟვანია არის ამ არჩევნების მთავარი გამყალბებელი, რომელმაც შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დავალება… მან მოაწერა ყველაფერზე ხელი, რათა შეენარჩუნებინა ივანიშვილისთვის ძალაუფლება… ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.


საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც, ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნით.

დღეს კი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა [არამხოლოდ მათ, ვისაც მანდატი ეკუთვნის] მემორანდუმის ტექსტს მოაწერეს ხელი და ოფიციალურად გააფორმეს თავიანთი პოზიცია, რომ არ ცნობენ არჩევნების ლეგიტიმაციას და თმობენ აღებულ მანდატებს.