დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში ვაქცინაციის წახალისების მიზნით აცრილებისთვის ლატარია ჩატარდება და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.
მისივე თქმით, სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან.
„რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, საბჭოს წინა სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება, ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.