გამყრელიძე ეკლესიას ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა და ის მადლობას უხდის ეკლესიას და პატრიარქს იმისთვის, რომ პანდემიის დასაწყისში მათი პოზიციის დახმარებით ქვეყანა ვირუსს მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდა. მისივე თქმით, შარშან აღდგომის პერიოდში ეკლესიის მოწოდებებმა დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში. ამის შესახებ გამყრელიძემ შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ვუთხრა მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთებულია.

ტყუილად არ ვთქვი, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და  მოგეხსენებათ, ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის აქვს ძალიან სინერგიული დამოკიდებულება. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს.

ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული, რომელიც გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ. თავდაპირველად ეს იყო ემპირიული, სანამ ჯენერი გააკეთებდა პირველ ვაქცინას. შემდეგ უკვე ყველაფერი მეცნიერებაზე დამყარებული, როცა პასტერმა შექმნა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, კიდევ ბევრი სხვა.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ექიმებს გვერდში დაგვიდგეთ, ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ყოველთვის ასეა და დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა და თქვენთან ერთად ყოფნა“, – მიმართა გამყრელიძემ მღვდელმსახურებს.