გამყრელიძე ლუგარზე: 30 წელია მოსკოვი ჩვენი მბრძანებელი აღარ არის, რუსი კოლეგები უნდა შეეგუონ

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ლუგარის ცენტრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მორიგ განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, ცენტრში რუსი ექსპერტები მხოლოდ საერთაშორისო დელეგაციის ფარგლებში დაიშვებიან.

„დიდი ხანია, უკვე 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ.?! ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენიმეჯერ მოვიწვიეთ ჩვენ რუსები, ოღონდ არამარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“, – აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, გასულ წელს ეპიდზედამხედველობის სისტემა და ლაბორატორიის სისტემა შეაფასა როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ასევე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს შეეძლოთ, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის ფარგლებში ლაბორატორიის მონახულება, თუმცა უარი თქვეს.

„ბევრჯერ არიან ნამყოფი ლუგარის ლაბორატორიაში რუსი მეცნიერები, რუსი ჟურნალისტები, ნანახი აქვთ, რასაც იქ ვაკეთებთ და რითიც ვართ დაკავებული. ამიტომ მოგეხსენებათ ყველა ეს გამოხდომა რაც ახლა ხდება, გუშინ, გუშინწინ, დღეს, ეს განცხადებები არის გარკვეული პერიოდიულობით და ამ პერიოდულობას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„თქვენი მოწვევისა და საგარეო უწყების საპასუხოდ, რომ რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში მხოლოდ საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში დაიშვებიან, რუსული მხარე – საგარეო უწყება და დეპუტატი ონიშენკო ითხოვენ მხოლოდ რუსი ექსპერტების დაშვებას ყველა დონეზე, რომ შემოწმდეს ლაბორატორია. ონიშენკო იმასაც ამბობს, რომ მედიკოსების გარდა, სამხედროებიც უნდა დაუშვათ, როგორია თქვენი პასუხი?“, – ამ შეკითხვის საპასუხოდ გამყრელიძემ გენადი ონიშენკოს მიმართა:

„ბატონო გენადი… (ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო რუსეთის მინისტრის პირველი მოადგილე) ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ. შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას? გეუბნებიან, გავალებენ, რომ ეს თქვიო, ხო? მოვეშვათ რა, სამჯერ გითხარით, პირადად დაგპატიჟეთ ბატონო გენადი, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში, მაგრამ „მარტო ჩვენ“ – მოეშვით ამ „ველიკა დერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან ფრანგებთან, შვეიცარებთან, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს მოწვევა გამოგზავნილი გაქვთ ხომ? ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ, სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე. თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა გამყრელიძემ.