გამყრელიძე: ომარ ოკრიბელაშვილის მამა სხვა მშობლებთან ვითარების დაძაბვის შემდეგ დააკავეს

პუბლიკა

ომარ ოკრიბელაშვილის დედა, შორენა ხომერიკი ამბობს, რომ მისი ქმარი, გიორგი ოკრიბელაშვილი გუშინ, 10 თებერვალს, რუსთაველზე დააკავეს „ინციდენტის” შემდეგ.

ხომერიკი ყვება, რომ გიორგი ოკრიბელაშვილი რუსთაველზე იქ მივიდა, სადაც სხვა პატიმრების მშობლების საერთო განცხადებას აკეთებდნენ – ისინი გამოეხმაურნენ მოშიმშილე პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილს, რომლის თანახმადაც, მასთან საპატიმროში ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა და აღიარებითი ჩვენების მიცემა და საპროცესო გარიგების გაფორმება შესთავაზა.

პატიმრების ოჯახის წევრებმა მომხდარი „ქართული ოცნების” „უბინძურეს პოლიტიკად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ „ოცნება“ ცდილობს უდანაშაულო ადამიანების „დანაშაულებრივ ჩანაფიქრში ჩათრევას“.

შორენა ხომერიკის თქმით, მისი ქმარი სხვა მშობლებთან „ანერვიულების ნიადაგზე” მივიდა.

„არასწორ ინფორმაციებს რომ ავრცელებენ, თითქოს ჩემი შვილი იმასთან თანამშრომლობს, ამასთან თანამშრომლობს. ვისთან მოუვიდა დაპირისპირება, არ ვიცი. ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ნიღბიანი [პოლიციელები] მოვარდნენ და დააკავეს. სხვებმაც რომ უთხრეს, მაგას შვილი ყავს დაკავებული და ნუ მიგყავთო, არ გაითვალისწინეს და დააკავეს”. – თქვა ომარ ოკრიბელაშვილის დედამ.

ადვოკატი დავით გამყრელიძე ამბობს, რომ გიორგი ოკრიბელაშვილი „გაეცნო მისი და ადვოკატის მიმართ დატიალებულ ნეგატიურ კამპანიას და წავიდა იმ ადგილას, სადაც აქცია მიმდინარეობდა”.

„სავარაუდოდ, შედგა მშობლებთან საუბარი და ამ საუბრის მომენტში დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც მოვარდა ე.წ სპეცრაზმი და დააკავეს ბატონი გიორგი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მშობლებსა და ბატონ გიორგის შორის შედგა საუბარი ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ დეზინფორმაციით, რაც ყველა ტელევიზიით ვრცელდება”. – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, გიორგი ოკრიბელაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლის საფუძველზე.