გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია

პუბლიკა

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ცნობით, დღეის მდგომარეობით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ კარგი – 86% (გლობალურად ეს მონაცემი არის 54%), კლინიკებში რჩება 119 Covid-ინფიცირებული ადამიანი, რაც შეეხება 15 გარდაცვალების შემთხვევას, ეს მონაცემი წარმოადგენს 1.6%-ს, რომელიც, გამყრელიძის თქმით, გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კარგი ეპიდსიტუაციაა, მოქალაქეებმა თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცენ და უნდა გააგრძელონ წესების დაცვა.

„მსოფლიოში ახალ შემთხვევათა ყოველდღიური მაჩვენებელი არის მზარდი, 110-დან დაახლოებით 150 ათასი ახალი შემთხვევის ფარგლებში.

ის, რომ ჩვენ გამოვიყურებით გარკვეულ კუნძულად, ოაზისად ირგვლივ მყოფ ქვეყნებს შორის, ეს არ გვაძლებს ერთი წუთით დამშვიდების უფლებას. ის, რომ დღიურად გვაქვს  ერთეული შემთხვევები, ეს სრულიად არ იძლევა დამშვიდების უფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში, მეორე ტალღა იქნება თუ არ იქნება, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს როგორც საზოგადოებრივი, ასევე ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა. მზადყოფნის რეჟიმი უნდა იყოს, რომ თუ იქნება შემთხვევათა მეტი რაოდენობა, ის იმართოს ისევე ეფექტიანად, როგორც დღეს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.