მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ და ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე გამომსვლელმა ისაუბრა, პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული შესაძლო სცენარები იყო.
თამარ გაბუნიას თქმით, დღეს 19 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
„ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს, რომ პიკი დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იმედისმომცემია, მაგრამ კვირის ბოლომდე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს, რომ ვნახოთ, რამდენად გადაილახა პიკი ომიკრონის ტალღის პირობებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ პიკს გადავდივართ, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით პრეპიკური პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს.
„თუმცა ეს შესაძლებელია, გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო და ასევე საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ თვითონ ის ქვეყნები, რომლებმაც პიკი გადაიარეს – სამხრეთ აფრიკა, ბრიტანეთი და სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანა – ჯერჯერობით პრეპიკური მაჩვენებლებიდან ვერ ჩამოდიან. თუმცა ომიკრონი თავისი ბუნებით კლინიკურად შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება ხდება და ამას კუმულაციური ეფექტი აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ასევე იკლებს ლეტალობის მაჩვენებელი.
„იკლებს ლეტალობა ინფიცირებულებთან მიმართებაში. გასაგებია, რომ აბსოლუტური რიცხვი მაღალია და თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ლეტალობის პროცენტი ომიკრონის ფონზე იანვრის მაჩვენებლით და თებერვალში სერიოზულად დაკლებულია. იყო თვეები, გვქონდა 1,5; 2 პროცენტი გვქონდა. დღეს ეს 0.5 – 0.3 პროცენტის ფარგლებშია. ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ. თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს იმიტომ, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრია. ადამიანები ინფიცირდებიან და მოწყვლად ფენებში, გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები.
ჰოსპიტლებში მწოლიარე 6000 პაციენტიდან 95% აუცრელია და რეანიმაციაში მყოფებიდან მაღალი პროცენტი აუცრელია. აცრა და განსაკუთრებით ბუსტები ომიკრონთან მიმართებით იცავს ყველაზე მთავრისგან – გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და ფატალური გამოსავლისგან. ომიკრონი უცებ არ გაქრება. ის ნელ-ნელა უნდა მინელდეს და იცით ძირითადი შეხედულება რომ ის შეიძლება დიდი ალბათობით სეზონურ ენდემურ ინფექციად გადაიქცეს. უნდა ვიყოთ ფრთხილად და მეტი ადამიანი უნდა აიცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.