დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩემი კოლეგა, თანამშრომლი, ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია და გავიდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარება ამ ოჯახს, ჩვენი ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია რეგიონში. ეს ტრაგედიაა”, – განაცხადა მან.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ექიმის შესახებ ინფორმაცია “სოლიდარობის ქსელმაც” გაავრცელა. ფეისბუკზე მათ დაწერეს, რომ 23 წლის ექიმი გიორგი ბუაძე იყო, რომელიც მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში სამუშაო მოვალეობის დროს გარდაიცვალა.
„მან „კორონავირუსი“ გადაიტანა და სამუშაოზე დაბრუნდა. თუმცა, სამი დღე გადაბმული და გადატვირთული მუშაობის შემდეგ ის კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვნეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. ჩვენი ინფორმაციით, კადრების ნაკლებობის გამო მას უწევდა ექთნის და სანიტარის ფუნქციების შეთავსებაც, რაც აათმაგებდა მის სამუშაო დატვირთვას”, – წერს „სოლიდარობის ქსელი”.
მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე განმარტებები არ გაკეთბეულა კლინიკის მხრიდან.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.