გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი რეგისტრირებულზე ორჯერ მეტი იყოს

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისი თქმით, შეფასებითი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოში დღეს შეიძლება, დღიურად კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდნეობა 5000-დან 6000-მდე მერყეობდეს.

მისი თქმით, გავრცელების ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი სხვადასხვა მიდგომით და ფორმულით ითვლება და საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა, დღიური შემთხვევების რაოდენობა რეგისტრირებულს მაქსიმუმ ორჯერ აღემატებოდეს.

„ზოგადად, არსებობს და არის გამოვლენილი შემთხვევები და არის ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი. ეს შეფასებითი მაჩვენებელი ითვლება სხვადასხვა მიდგომით და ფორმულებით.

რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგნოზირებაზე მუშაობენ, თუ 3000-ზე ავლენ დღეში, მაშინ არარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ორჯერ მეტი შეიძლება იყოს.

დღეს ევროპაში ლაბორატორიულად 1/5 ვლინდება ინფიცირებული ადამიანების, მაგრამ ორჯერ, სამჯერ მეტი ინფიცირებული უნდა ვიანგარიშოთ. ეს არის ის ხალხი, რომლებიც არიან მსუბუქები და უსიმპტომოები.

ჩვენ პერიოდულად ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევებს ვატარებთ და კვლევიდან ვნახავთ, დაახლოებით რამდენმა გადაიტანა ქვეყანაში ინფექცია.

არ ვიცი, ნახეთ თუ არა ლიტერატურაში – გუშინ თუ გუშინწინ გამოქვენდა სტატია, რომ კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევები  იტალიაში თითქოს აღნუსხულია გასული წლის სექტემბერ-ოქტომებრში.

ანუ ე.წ რესტროსპექტიული კვლევა ჩატარდა გარკვეული ჯგუფზე და ნახეს, რომ ამ ადამიანებში ანტისხეულები არსებობდა კოვიდის საწინააღმდეგო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კოვიდი დადასტურდებოდა ოფიციალურად.

ამიტომ კიდევ ერთხელ დავიმახსოვროთ, რომ დიაგნოსტირებულ, ანუ გამოვლენილ შემთხვევებსა და შეფასებით მაჩვენებელს შორის არსებობს ხოლმე განსხვავება, და სერიოზული, მაგრამ არა იმდენი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს 20 000 შემთხვევა. 20 000 არა, მაგრამ დაახლოებით 5000-6000 დღიური შემთხვევა შეიძლება, გვქონდეს, რომელიც არის მსუბუქი, უსიმპტომო და არ ვლინდება“. – განაცხად ამირან გამყრელიძემ.