განაჩენი არ არის კანონიერი, როდესაც კონვენცია დარღვეულია - მამალაძის ადვოკატი

პუბლიკა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით“. სამინისტროს შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია.

„ძალიან ვწუხვარ, თუ იუსტიციის სამინისტრომ ეს თქვა, რადგან მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს არ ეხება ეს მუხლი. [ევროპული] სასამართლო არ ამბობს, ვინმე დამნაშავე არის თუ არ არის, ეს არის პროცედურა რამდენად იყო დაცული და სასამართლომ თქვა, რომ მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში ის ვერ უყურებს კონვენციის დარღვევას. რაც შეეხება პროცედურას იმ ნაწილში, რაც უკავშირდება სხდომის საჯაროობას, გამოძიების ნაწილს, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით, აქ თქვა, რომ დარღვევა იყო – ეს არის მთავარი“, – განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე თქმით, „როდესაც საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი“. 

„როდესაც ვსაუბრობთ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ეს გულისხმობს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს კონვენციასთან შესაბამისი“, – განაცხადა ჯანდიერმა.

მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ადვოკატის თქმით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია გადააფასოს, კანონიერად მოხდა თუ არა მტკიცებულების მოპოვება.

„როდესაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებების სანდოობის, ავთენტურობის საკითხს, იგი აფასებს მტკიცებულებებთან დაკავშირებულ გარემოებებს მთლიანობაში, მათ შორის ამოღებას, დაკითხვას, აეროპორტის ჩანაწერებს და სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში ამოღებას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაღვევას ვერ უყურებს ისევე, როგორც ის უყურებს სხვა ნაწილებთან მიმართებით“, – განაცხადა ჯანდიერმა.


დღეს, 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონვენციის მე-6 მუხლის [საქმის სამართლიანი განხილვის უფლება] 1-ლი და მე-2 პუნქტების დაირღვა.

სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ:

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის [საქმის სამართლიანი განხილვის უფლება] 1-ლი პუნქტი იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ;
  •  დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი [უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა];
  • დარღვევის დადგენა უკვე თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივანისთვის მიყენებული ნებისმიერი მორალური ზიანის სანაცვლოდ.
  • მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს  გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მომჩივანმა გაიღოს ხარჯების სახით.
  • დარჩენილ ნაწილში უარყოფს განმცხადებლის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.

2020 წლის 17 მარტს, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” მოითხოვა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ორგანიზაციის ცნობით,  მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მას შეწყალების თხოვნით საპატრიარქომ სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წელს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო.